პლუმი მოგზაურობს

Publié le par natia

იმას ნამდვილად ვერ იტყვის, რომ მოგზაურობისას დიდ პატივშია. ზოგი თავზე გადაუვლის ხოლმე გაუფრთხილებლად, ზოგიც პირდაპირ  ქურთუკზე შეაწმენდს ხელებს. შეეჩვია. მოგზაურობს თავისთვის, წყნარად. იქნება ასე თავმდაბლად სანამ შეძლებს.

სადილად ხის ძირებს თუ მიუტანენ, დიდ, მაგარ-მაგარ ძირებს და - მიდით, ჭამეთ, რას მომშტერებიხართო,  გაბრაზებული ეტყვიან - კეთილი, კეთილი, რა თქმა უნდა, ეხლავეო - უპასუხებს. რატომ აიტკივოს აუტკივარი თავი.

და ღამის გასათევ ადგილზე უარს თუ ეტყვიან -  არც ისე შორიდან  ხართ ჩამოსული, ძილი რომ გჭირდებოდეთ, აიღეთ თქვენი ბარგი-ბარხანა, ღამე სიარული უფრო ადვილიაო - კეთილი, კეთილი,  რა თქმა უნდა, მხოლოდ ვიხუმრე, ღამის გათევა არც მიფიქრიაო -  და ბნელ ღამეში  განაგრძობს გზას.

და მატარებლიდან თუ გადმოაგდებენ - თქვენ რა, გგონიათ სამი საათის მანძილზე იმისთვის ახურებდნენ ამ ლოკომოტივს და იმისთვის აბამდნენ რვა ვაგონს, ისეთი ახალგაზრდა, ჯანმრთელი კაცი როგორიც თქვენ ხართ სხვაგან რომ წაიყვანოს?   აქაც მშვენივრად გამოდგებით და არსადაც არ გჭირდებათ წასვლა. ამისთვის არ გაუთხრიათ ამდენი გვირაბი, არ აუფეთქებიათ კლდეები და არ გაუყვანიათ ასობით კილომეტრზე რკინიგზა, იმაზე აღარაფერს ვამბობ, სულ თვალყურის დევნება რომაა საჭირო სადმე ვინმემ საბოტაჟი არ მოაწყოს და ასეთი რაღაცეები... -  კეთილი, კეთილი, მშვენივრად მესმის ყველაფერი. მხოლოდ იმისთვის ამოვედი, თვალი რომ შემევლო მატარებლისთვის. უბრალო ცნობისმოყვარეობა იყო, სხვა არაფერი, მორჩა, მივდივარ... უღრმესი მადლობაო - და ისევ ფეხით გაუყვება გზას.

და თუ რომში კოლიზეუმის ნახვას მოისურვებს - არა, მისმინეთ, უკვე ძალიან დაძველებულია, მერე, თქვენი ამბავი რომ ვიცი, კედლებზე ხელით შეხებაც მოგინდებათ, მიყრდნობა, ჩამოჯდომა. ასე აღარაფერი დარჩება, სულ დაინგრევა.   უკვე ჭკუა ვისწავლეთ, მორჩა, - კეთილი, კეთილი, უბრალოდ... მინდოდა  საფოსტო ბარათი მეთხოვა, ან... ფოტოო...   - და დატოვებს ქალაქს.

და თუ უეცრად გემის კაპიტანი პირდაპირ მასზე თითს გაიშვერს და იტყვის - ეს რაღას აკეთებს აქ, ასეთ უდისციპლინობას ვერ ავიტან, ეხლავე ჩაიკეტეთ კაიუტაშიო...  პლუმი მთელი გზას მოკუნტული გაატარებს.

და მაინც არაფერს ამბობს, არაფერზე ჩივის, იმ უბედურებზე ფიქრობს საერთოდ რომ არ შეუძლიათ მოგზაურება, ის კი... ის მთელი ცხოვრება მოგზაურობს...


ანრი მიშო

თარგმ. ნათია ამაღლობელი.

Pour être informé des derniers articles, inscrivez vous :
Commenter cet article