Moderato cantabile

Publié le par natia

მარგერიტ დიურასი

(ნაწყვეტი)


ოჯახის რელიქვიად ქცეული ლანგარით მოხარშული ორაგული შემოაქვთ. შავ უნიფორმაში გამოწყობილი თეთრხელთათმანიანი მსახური უფლისწულივით დაატარებს და ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეში ყველას სათითაოდ სთავაზობს. ამ დროს ყველაფერს დუმილი ჯობია.

პარკის ჩრდილოეთიდან მაგნოლიის მძაფრი სურნელი იფქვევა. საღამოა და სამხრეთის ქარი ქრის. ბულვარზე კაცი დაეხეტება. ქალმა ყველაფერი იცის...

ორაგული ერთი სტუმრიდან მეორეზე ინაცვლებს. რიტუალი უნაკლოდ სრულდება, თუმცა მაინც იგრძნობა მთელი ამ სრულყოფილების მოულოდნელად დაირღვევისა ან უფრო უარესი, აშკარა უაზრობად ქცევის ფარული შიში.

პარკში, ადრეული ზაფხულის ბნელ ღამეში, მაგნოლიებს სასიკვდილო ყვავილობა გაუმართავთ. ქარი აქეთ-იქით ეხეთქება და დროდადრო კაცთან მაგნოლიის სურნელი მიაქვს.

სამზარეულოში გაოფლილი მზარეულები მეორე კერძს ამზადებენ. შემწვარ იხვს ფორთოხლის სუდარაში აპატიოსნებენ. ცოტა ხანში თევზს თავდაპირველი ფორმა და სილამაზე ეკარგება, თუმცა ორაგული, ოკეანის წყლის ეს ლაღი ბინადარი, მაინც განაგრძობს სრული განადგურებისკენ ვაჟკაცურ სვლას. ამ უნაკლო ცერემონიალის მიმართ თანდათან ყოველგვარი შიში იფანტება.

ერთ-ერთი სტუმარი წინ მჯდომი ქალის ნახევრად შიშველ მკერდს უყურებს. საგულეზე მიმაგრებული ყვავილი ნელ-ნელა ჭკნება. ქალი საჩქაროდ ისწორებს კაბას და დიდრონ, უძირო თვალებს მოუთმენლად მიაპყრობს თეთრხელთათმანიან მსახურს, ეთიკეტის დაცვით ჩამოტარებული ორაგული თავისთვისაც რომ გადაიღოს.

სამზარეულოში იხვი მზადაა. მზარეულებმა სული მოითქვეს და ახლაღა ალაპარკდნენ დიასახლისის უცნაურ ქცევაზე. ქალბატონი ამ საღამოს ჩვეულებრივზე უფრო გვიან დაბრუნდა, სტუმრებმაც კი დაასწრეს მოსვლა.

თხუთმეტი კაცი დიასახლისს ფართო სალონში ელოდა. ის კი ამ ბრწყინვალე სამყაროში ბოდიშის მოუხდელად შემოვიდა. პიდაპირ პიანინოსკენ გაემართა და ძალაგამოცლილი მიეყრდნო. სტუმრებს მეუღლის ნაცვლად ქმარმა მოუბოდიშა.

- ანას დააგვიანდა, აპატიეთ.

ათი წელია სალაპარაკო არავისთვის მიუცია. სახეზე აფარებული ყალბი ღიმილი მუდამ აქარწყლებდა უნებლიე შეცდომებს.

- ანამ ვერ გაიგონა.


ქალი ირგვლივ იყურება, ცდილობს საუბრის მსვლელობას მიჰყვეს, მაგრამ ამაოდ.

- მართალია, - აღიარებს ბოლოს.

ქმარი თავის ნათქვამს იმეორებს. ქალი აწეწილ, ქერა თმაზე მსუბუქად გადაისვამს ხელს, ზუსტად ისე, როგორც რამდენიმე წუთის წინ გააკეთა აქედან შორს... ბაგეებს ფერი დაჰკარგვიათ, პომადის წასმა დაავიწყდა.

- მაპატიეთ, - მოიბოდიშა მან, - ამჯერად დიაბელის სონატინას გამო დამაგვიანდა.

- სონატინას? უკვე სონატინას უკრავს?

- უკრავს.

წუთით სიჩუმე ჩამოვარდა. ქალმა სახეზე ისევ ყალბი ღიმილი ჩამოიფარა.

- Moderato Cantabile ისევ არ იცოდა?

- იცოდა.

ამ საღამოს დასრულდება მაგნოლიის ყვავილობა. დარჩება ერთადერთი ყვავილი, პორტიდან დაბრუნებისას მოწყვეტილი. და ამ მივიწყებული ყვავილობის ფონზე დრო ისევ უცვლელად მიედინება.

- ძვირფასო, მაინც როგორ უნდა გამოეცნო თუ არ იცოდა?

- ვერც გამოიცნო.

- ახლა ალბათ სძინავს, ხომ?

- დიახ, სძინავს.

ნელ-ნელა იწყება ერთ დროს ორაგულადყოფილის მონელება.

მთელი ეს რიტუალი აუჩქარებლად გრძელდება. სამზარეულოში ადამიანურ სითბოსა და ფორთოხლის სუდარაში გახვეული მეორე კერძი თავის რიგს ელის. ზღვის თავზე თანდათან ჩნდება მთვარე და სანაპიროზე გაწოლილ კაცს მკრთალ სხივებში ახვევს. ფარდებს მიღმა ახლა მხოლოდ ღამის სიბნელე მოსჩანს. ქალბატონ დებარესდს სათქმელი აღარაფერი აქვს.

- მადმუაზელ ჟირომ, რომელიც, როგორც თქვენ იცით, ჩემს ბიჭუნასაც ამეცადინებს, გუშინ მიამბო თქვენი ამბავი.

- მართლა?

იცინიან. იცინის სადღაც, მაგიდის კუთხეში მჯდარი ქალიც. საუბარი თანდათან ცოცხლდება და მთელ ამ პროგრესულ მახვილგონიერებაში გარკვეული საზოგადოება იკვეთება. ნავსი გატეხილია. იწყება უმნიშვნელო თემებზე ლაპარაკი, შიგადაშიგ ფამილიარული ტონიც ისმის. მშვიდობიანი, არაფრისმთქმელი საუბარი საღამოს წარმატებულ დასასრულს მოასწავებს. კაცების ხარჯზე მორთულ-მოკაზმული ქალები დარწმუნებული არიან თავიანთ ბრწყინვალებაში.

იქ კი, სანაპიროზე კაცი მთელი საღამოა ეჭვობს, რომ მართალი იყო...

მშვენიერი ამინდია. საგულდაგულოდ ჩარაზულ პარკში ჩიტები ღრმა ძილს მისცემიან. ბიჭსაც სძინავს. სულ უფრო დაპატარავებული ორაგული ისევ ჩამოივლის და ქალები ბოლომდე ანადგურებენ. შიშველი მხრების ელვარება და სიმკვრივე მტკიცე, საკუთარ უფლებებში დარწმუნებულ საზოგადოებაზე მიანიშნებს. მკაცრი აღზრდა, ლაპარაკის დახვეწილი მანერა და თავშეკავება აქ უპირველესი მოთხოვნაა. ქალბატონები მწვანე მაიონეზით პირს იტკბარუნებენ. კაცები კი უყურებენ და არ ავიწყდებათ, რომ ამ ქალებს მათი გაბედნიერება შეუძლიათ.

კუთხეში მჯდარი ქალი არაფერს ეკარება. ახლახანს ქალაქის მეორე ბოლოდან დაბრუნდა, იმ ადგილიდან, სადაც კაცმა თავდავიწყებამდე დაათრო; ბულვარის საპირისპირო მხარიდან, ბულვარისა, რომელიც ერთადერთი ადგილია, სადაც ათი წლის მანძილზე სეირნობა ნებადართული ჰქონდა.

ქალი მხოლოდ ღვინოს სვამს, საჭმელს არ ეკარება, ისედაც დაღლილს ჭამა არაქათს სულ გამოაცლის. თეთრი ფარდების მიღმა, ღამეში მარტოდ მომლოდინე კაცი ხან ზღვას გაჰყურებს, ხან - პარკს. მერე საკუთრ ხელებს დასცქერის. ჭამა არც მას ახსოვს, წყურვილი კლავს, სულ სხვა რამის წყურვილი... ქალის მკერდიდან მონაბერი მაგნოლიის სურნელი ტანჯავს. პირველ სართულზე ერთ ფანჯარაში სინათლე ჩაქრა. მერე ფანჯრებიც დახურეს, ალბათ მაგნოლიის მძაფრი სურნელის გამო.

ანა დებარესდი ისევ სვამს. ტუჩებს ბულვარში მყოფი კაცის უცნობი ბაგეების მომაკვდინებელი გემო არ სცილდება.

კაცი ბულვარს შორდება, პარკს შემოუვლის, დიუნებს გახედავს, უკან დაბრუნდება, ფერდობს ჩაივლის და ქვიშიან ნაპირზე ზურგზე გაწვება. რამდენიმე წუთით ზღვის პირისპირ ხელებგაშლილი გაუნძრევლად წევს. მერე მხარს იცვლის და კიდევ ერთხელ გახედავს განათებულ ფანჯრებს. წამოდგება, კენჭს აიღებს, ერთერთ ფანჯარას დაუმიზნებს, მერე ისევ შებრუნდება და ზღვაში ისვრის. ხელახლა გაწვება ქვიშიან ნაპირზე და ვიღაცის სახელს ხმამაღლა წარმოთქვამს.

ორი მზარეული სტუმრებთან გასატანად მეორე კერძს ამზადებს. მორიგი მსხვერპლი თავის რიგს ელის.

- მოგეხსენებათ, ანა შვილის წინაშე უძლურია.

ქალი იღიმება, ისევ ისწორებს აჩეჩილ თმას. თვალის უპეები ულურჯდება. ამ საღამოს ნამდვილად იტირებს. ზღვის ნაპირას გაწოლილ სხეულზე მთვარე მკრთალ შუქს აფრქვევს.

- მართალია, - აღიარებს.

ხელი მკერდზე დამაგრებულ, ჭკნობაშეპარულ მაგნოლიაზე ეშვება.

- ჩვენ ყველანი ერთმანეთს ვგავართ.

- დიახ, - ეთანხმება ანა დებარესდი.

მაგნოლიის შიშველ, გლუვ ფურცლებს თითები ნერვიულად ჭმუჭნიან, მერე, გონზე მოსულნი ჩერდებიან და მაგიდაზე დაწყობილნი მოჩვენებითი სიმშვიდით იცდიან. შეუმჩნეველი არაფერი რჩება. ანა დებარესდი მობოდიშებას ღიმილით ცდილობს, მაგრამ მთვრალ სახეზე ბოდიშის მაგივრად უსირცხვილო აღიარება ეკვეთება. მზერა უმძიმდება და ქვავდება. თითქოს ყველანი ელოდნენ ამას.

ანა დებარესდი ისევ ცლის ჭიქას. თვალები ნახევრად დახუჭული აქვს. ღვინო სხვებისგან მალულ, იდუმალ სურვილს უყუჩებს.

ქალებიც სვამენ. მოუჩანთ შიშველი, უნაკლო, მაგრამ მინც გათხოვილი ქალის მკლავები.

ქვიშიან სანაპიროზე გაწოლილი კაცი ნავსადგურის კაფეში ნაშუადღევს გაგონილ მელოდიას ღიღინებს. მთვარის ამოსვლასთან ერთად ცივი და გრძელი ღამეც დგება. იქნებ სცივა კიდეც...

ფორთოხლით შეკაზმული იხვი შემოაქვთ. ჯერ ქალბატონები ირჩევენ საუკეთესო ნაჭრებს. ოქროსფერი იხვის დანახვაზე ყველას კმაყოფილების შეძახილი აღმოხდება. მხოლოდ ერთი გრძნობს, როგორ ელევა ძალა. წყურვილი ტანჯავს, წყურვილი, რომლის მოკვლა ღვინოსაც კი უჭირს. ნაშუადღევს ნავსადგურის იმ კაფეში მოსმენილი მელოდია მასაც აგონდება, მაგრამ არ შეუძლია იმღეროს.

სანაპიროზე მყოფი კაცის სხეული მარტოა. ბაგეები კი ისევ ვიღაცის სახელს წარმოთქვამენ.

- არა, გმადლობთ.

კაცის დახუჭულ ქუთუთოებს ქარი და მაგნოლიის მძაფრი სურნელი ეხება.

ანა დებარესდმა ჭამა იუარა. მსახური ლანგარით ხელში ისევ მის წინ დგას, თითქოს არც გაეგონოს დიასახლისის ნათქვამი. ქალი ხელის მოძრაობით ხელახლა უარობს. აღარ აძალებენ. მაგიდასთან უხერხული სიჩუმე ჩამოწვა.

- იცით, არ შემიძლია ჭამა, მაპატიეთ.

ისევ მიაქვს ხელი მკერდზე მიბნეულ შემჭკნარ ყვავილთან. თითებით დასრესილი მაგნოლიის სურნელი ბაღის მესერიდან ზღვის ნაპირამდე აღწევს.

- ეგებ ამ ყვავილის ბრალია, საშინლად მძაფრი სუნი აქვს, - შენიშვნას ბედავენ.

- არაფერია. ამ ყვავილებს მიჩვეული ვარ.

იხვს ისევ ჩამოატარებენ. ქალი გაღიმებას ცდილობს, მაგრამ სახეზე მხოლოდ უიმედო ძალდატანება აღებეჭდება. ანა დებარესდი მთვრალია.

ცუდად ხომ არ არის? - ეკითხებიან.
ცუდად არ არის.

- ეგებ ამ ყვავილის ბრალია ცუდად რომ გახდით? - უმეორებენ დაჟინებით.

- არა, მიჩვეული ვარ ამ ყვავილებს, უბრალოდ, არ მშია.

თავს ანებებენ. იხვი თანდათან ნადგურდება. მუცლებში ნელნელა ილექება ქონი...

ქუჩაში მყოფი კაცის დახუჭილი ქუთუთოები ვიღაცის თუ რაღაცის მოლოდინში თრთის, სიცივისგან გათოშილ სხეულს ვერაფერი ათბობს. ტუჩები ისევ წარმოთქვამენ ქალის სახელს.

დიასახლისის უარზე სამზარეულოშიც ალაპარაკდნენ. ალბათ შეუძლოდაა. სასტუმრო ოთახში კი სულ სხვა რამეზე ლაპარაკობენ. მაგნოლიის შიშველი ფურცლები შორს, მარტოდ მოხეტიალე კაცის თვალებს ნაზად ეფერება. ანა დებარესდი ისევ სვამს. სხვებისგან განსხვავებით რაღაცის წინათგრძნობა მთელ სხეულს უწვავს. გამხდარ ტანს მაგნოლიის უზარმაზარი ყვავილი და სავსე მკერდი უმძიმებს. ახლაღა ხვდება, როგორი გამხდარი ყოფილა. ღვინო პირში იღვრება, იმ პირში, ვიღაცის სახელით რომაა სავსე და წარმოთქმა არ ძალუძს. ფარული სურვილი ჰკლავს.

კაცი ქვიშიდან წამოდგა, ბარს მიუახლოვდა. ფანჯრები ისევ განათებულია. გისოსებს მთელი ძალით ჩაეჭიდა. აქამდე როგორ არ მოვიდა აქ?!

ფორთოხლით გაწყობილი იხვი ისევ მოაქვთ. ანა დებარესდი ისევ ხელის მოძრაობით სთხოვს თავი დაანებონ. ასეც იქცევიან. ქალი ისევ თავის ფიქრებს უბრუნდება. კაცმა ხელი უშვა გისოსებს. დაკვირვებით დაჰყურებს ფორმადაკარგულ ხელებზე თანდათან ამოზრდილ ბედისწერის ხაზს.

ზღვიდან მონაბერი გრილი ქარი ქალაქს თავს ევლება. ბევრს უკვე სძინავს. პირველი სართულის დახურული ფანჯრები მაგნოლიის სურნელისგან იცავს ბავშვის მშვიდ ძილს. ღამის უწყინარ წყვდიადში წითელი გემები დაცურავენ.

ზოგმა ისევ გადაიღო ფორთოხლიანი იხვი. თანდათან გაადვილდა საუბარი და ფანჯრებს მიღმა ჩამოწოლილი ღამე თითქმის ყველამ დაივიწყა.

ჭაღების თვალისმომჭრელ სინათლეში ანა დებარესდი ისევ ჩუმად ზის და იღიმის.

კაცი ბაღს შორდება და ქალაქის ბოლოსკენ მიემართება. მაგნოლიის სურნელი თანდათან ქრება. ღამის სიმშვიდეს მხოლოდ ზღვის შხუილი არღვევს.

ანა დებარესდმა ცოტაოდენი ყავის ნაყინი გადაიღო. იქნებ ასე მაინც დაანებონ თავი.

კაცი უნებლიედ უკან ბრუნდება. შორიდან მაგნოლიებს, რკინის მესერსა და განათებულ ფანჯრებს ავლებს მზერას. პირზე ისევ ადგას ნაშუადღევს მოსმენილი მელოდია და ვიღაცის სახელს ახლა უფრო ხმამაღლა წარმოთქვამს. მიდის...

ქალსაც არ შორდება ნაცნობი მელოდია. მკერდზე დაბნეული ყვავილი მთლიანად დაჭკნა. მთელმა ზაფხულმა თითქოს ერთ საათში გაიარა. ადრე თუ გვიან კაცი პარკს გასცდება. აი, გასცდა კიდეც. ანა დებარესდი ყვავილების სრესას განაგრძობს.

- ანამ ვერ გაიგონა.

ქალი ცდილობს გაიღიმოს, მაგრამ არ გამოსდის. ისევ გადაისვამს ხელს თმაზე. ჩალურჯებული უპეები მეტისმეტად დაებერა. ამ საღამოს უეჭველად იტირებს. შეკითხვას უმეორებენ, ამჯერად პირადად მას, და პასუხს ელიან.

- მართალია, - პასუხობს იგი, - ზღვისპირა სახლში წავალთ. დიდი სიცხე იქნება. ზღვის პირას, განმარტოებულ სახლში.

- ძვირფასო, - მიმართავს ქმარი.

- დიახ.

როცა სტუმრები სასადილო ოთახიდან დიდ დარბაზში მიმოიფანტებიან, ანა დებარესდი პირველ სართულზე გაუჩინარდება და დერეფნის შემინული ვიტრინებიდან ბულვარს გახედავს. კაცი იქ აღარ იქნება. ქალი შვილის ოთახში შევა, საწოლის ფერხთით იატაკზე გაწვება და საბოლოოდ გასრესს მკერდზე დამაგრებულ მაგნოლიას. ყვავილისგან აღარაფერი დარჩება. სასდილო ოთახის გახსენებაზე გული აერევა და ბიჭის მშვიდ სუნთქვას პირღებინების ხმა შეერევა.

ღია კარებში ვიღაცის ჩრდილი სინათლეს ფარავს. ანა დებარესდი აწეწილ თმას მოიწესრიგებს და ამჯერად თავად მოიბოდიშებს. არავინ პასუხობს.


© ფრანგულიდან თარგმნა ნათია ამაღლობე

Pour être informé des derniers articles, inscrivez vous :
Commenter cet article