ჯაზი შენა ხარ

Publié le par natia

_ ნელა, ცოტა ნელა, რას აკეთებ, გაგიჟდი?
_ გეშინია?
_ შევასკდებით რამეს და მერე ნახავ ვის ეშინია.
_ გეშინია!
_ სულელი ხარ, ქალები ყველანი სულელები ხართ. გააჩერე, მე გადმოვჯდები.
_ არა.
_ მაშინ ნელა, გესმის! მაინც რა მოხდა იქ, რატო გამოიქეცი?
_ არ გამოვქცეულვარ.
_ გეყოფა, რაღაც მოხდა. რა გითხრა იმ კოსტუმიანმა?
_ ის რა შუაშია?
_ მოცა, მოიცა. მოუხვიე! ... სულ გაგიჟდი! რა გაცინებს, ბეწვზე გადავრჩით, გადავვარდებოდით!
_ გეშინია.
_ მე კი არა შენ გეშინია. შეგეშინდა და გამოიქეცი, გამოტყდი, ხო შეგეშინდა!
_ რისი შემეშინდა, რას ამბობ?
_ შეგეშინდა არ მიმხვდარიყო არა?
_ ...
_ მისმინე, მე მაინც რატო მიმალავ, რამდენი ხანია გიცნობ, მითხარი და... მე ვეტყვი თუ გინდა, ან სულაც, გავარკვევ უყვარხარ თუ არა. ჰა, რას იტყვი?
_ სისულელეს ნუ ამბობ.
_ რატო სისულელეს, ხო ვიცი, რომ ვერ ბედავ, გეშინია.
_ რას ვერვბედავ?
_ გამოტყდომას. მე ხო ვხედავ, რომ გიყვარს. ყოველ შემთხვევაში, მოგწონს მაინც.
_ სისულელეა!
_ როგორც კი მარტო აღმოჩნდით მაშინვე გამოიწეცი. ამას რა მიხვედრა უნდა!
_ გაჩუმდი!

. . . . . . . . . .
მუსიკა წყნარია, ისეთი წყნარი, გეგონება სიზმარი ამღერებულა და თავისთან გიხმობს. ირგვლივ ყველა ცეკვავს. წყვილ-წყვილად. ნაზად ირწევიან პარტნიორის მკლავებს მინდობილნი. მარტო შენ ზიხარ და უყურებ ამ თავბრუდამხვევ რწევას. თუმცა არა, შენ მხოლოდ ერთს უყურებ, მხოლოდ მას. მთელი საღამოა ცეკვავს. ზოგჯერ, მუსიკის შეწყვეტისას მოირბენს მაგიდასთან, დაჯდება, გაგეხუმრება, ან, უბრალოდ, თვალს ჩაგიკრავს, გაგიღიმებს _ ის ხომ მეგობარია! _ და ისევ საცეკვაოდ წავა. ოღონდ ისევ ვიღაცასთან. შEნ კი ზიხარ და მესამე ჭიქა კონიაკს ცლი. შენ არ გინდა ცეკვა, არ გინდა, რადგან ის ცეკვავს ვიღაცასთან. თვალები ცრემლით გევსება, ალბათ სასმელის ბრალია...
   _ ვიცეკვოთ?
   მხარზე ვიღაცის ხელი გეხება. ოჰ, ეს ჩალისფერი პიჯაკი... ო, ღმერთო, როგორ არ გინდა ახლა მასთან ლაპარაკი...
   _ რატომაც არა.
   მართლაცდა რატომაც არა! შენ იცეკვებ. შენ უნდა იცეკვო! შენც ვიღაცასთან ერთად უნდა იცეკვო, თუნდაც ამ ჩალისფერპიჯაკიანთან, დახუჭო თვალები და ოცნებებში ჩაიძირო...
   _ წავიდეთ?
   _ წავიდეთ.
   შენს ირგვლივ ტრიალებს ყველაფერი. ცეკვავენ ადამიანები, ცეკვავენ მაგიდები, სკამები... ცეკვავს ოთახი, ცეკვავ შენდ ა ცეკვავს ის... ოღონდ არა შენთან...

. . . . . . . .
_ მომისმინე, თუ არ გინდა ნურაფერს მეტყვი, ოღონდ შეანელე, ისედაც ნასვამი ხარ, გადავიჩეხებით სადმე.
_ მშიშარა ხარ.
_ ვიღაც კოსტუმიანის გამო რატო უნდა გადავიჩეხოთ, ჰა?!
_ რას გადაეკიდე იმ კოსტუმიანს, როდისღა დაინახე, სულ ცეკვავდი.
_ მერე რა რომ ვცეკვავდი, კი არ დავრბავებულვარ. ჯერ იჯექი, დიდხანს, ხვამდი. საერთოდ როდის აქეთია სმა დაიწყე?
_ რა სენი საქმეა რას ვაკეთებდი, შენ ხო კარგად გაერთე იმ ქერათმიანთან!
_ ვინ ქერათმიანთან?
_ მთელი საღამო რ ოარ მოცილებიხარ, იმასთან.
_ რა ვიცი, იქ ყველა ქერა იყო.
_ არ იყო ყველა ქერა.
_ რა მნიშვნელობა აქვს, ვისთანაც მინდა იმასთან ვიცეკვებ, შენ კი...
_ რა მე?
_ სანამ იმან არ გაგიწვია მანამ ფეხზე არ ადექი. მერე კი სულაც გაიქეცი. რო დაგინახე სახეზე ფერი აღარ გედო.
_ იმ სიბნელეში საიდან შეამჩნიე, ერთი, ფერი მედო თუ არა.
_ კაი რა, მეგობრები ტყუილად ვართ? ჩემზე კარგად ვინ გიცნობს!
_ არა მგონია კარგად მიცნობდე...

. . . . . . . . .
   ლამაზი მელოდიაა. გიყვარს ჯაზი. ჯაზი მუსიკა არაა, ჯაზი ჩივილია, გაბზარული გულის ჩივილი, ჯაზი გრძნობაა. ჯაზს არ უნდა უსმინო, ჯაზს უნდა მიჰყვე, მინებდე, თვითონ გადაგიყვანს იქ, სადაც საჭიროა, ტკივილისა და შვების სამყაროში.
   ჯაზი არაა მუსიკა, ჯაზი სულია, შენი საკუთარი სული, შენს სხეულს რომ ავსებს. ჯაზი ყველაფერია, შენ ყველაფერი ხარ, ჯაზი შენა ხარ...
   ის ისევ ცეკვავს. მან ალბა თარ იცის რა არის ჯაზი და არ იცის რა არის ყველაფერი. შენს წინ კი ისევ ის ჩალისფერი კოსტუმია ასე რომ არ გინდა დაინახო.
   ჯაზი ლაპარაკია ფარული გრძნობების. თითქოს მწუხარება გულიდან ჰაერში მიმოიფანტა და ახლა მელოდიად იღვრება შენს ირგვლივ. მაგრამ აი, სადაცაა მიჩუმდება, დასრულდება სვებისმომგვრელი მელოდია და ტანჯვა ისევ ჩვეულ ადგილს დაუბრუნდება. არა, უნდა გაასწრო, უნდა გაასწრო მიჩუმებულ ტკივილს, უნდა გაასწრო და ტან წაიღო ჰაერში გაფანტული მწუხარება...
   ხელს კრავ ჩალისფერ კოსტუმს და მთელი ძალით გარბიხარ...
   _ რა მოგივიდა?
   ის შენს წინ დგას. როდის მოსცილდა ქერთმიანს? შEნ არ პასუხობ, მანქანისკენ გარბიხარ.
   _ დაიცა, მეც წამოვალ. მითხარი რა მოხდა.
   უკან მოგყვება. მანქანაში სხდებით. ის შენს გვერდითაა. იქნებ შენც ეს გინდოდა? არა! ის არაა შენს გვერდით! ის მხოლოდ ზის შენს გვერდით.
   მანქანას ქოქავ და მთელი სისწრაფით მიჰქრი...

   . . . . . . . . .
_ ნელა-მეთქი, არ გესმის? რას აკეთებ, ნელა!
_ თავი დამანებე.
_ რა მოგივიდა, რა გუნებაზე ხარ.
_ სამაგიეროდ შენ ხარ კარგ გუნებაზე, არა? რას მორბოდი, დარჩენილიყავი, ხო არ მითხოვია გამომყევი-მეთქი.
_ გზას უყურე! რა არი, ასეთი არასოდეს მინახიხარ.
_ შენ ბევრი რამ არ იცი.
_ მერე მითხარი.
_ ...
_ ნელა! ნელა! მოუხვიე!! გააჩერე!!! აააააა!!!

. . . . . . . . .
_ მომეხმარეთ, ასე, აქეთ გადავაწვინოთ... ექიმი, ექიმს დაუძახეთ!... თვალი გაახილე, გეხვეწები, მითხარი რამე... ღმერთო, რატომ... მიდი, მიდი, გაახილე თვალი, ასე...
_ რა მოხდა? ვაიმე, მტკივა...
_ ყველაფერი კარგად იქნება, ნუ გეშინია, შენთან ვარ, ექიმი უკვე მოდის... კარგად იქნები.
_ მე... ალბათ ვერ გადავრჩები.
_ გაჩუმდი!
_ კარგია, იქნებ ასე უფრო კარგია... მე ... გული არ მწყდება.
_ ნუ სულელობ! კარგად იქნები, ყველაფერი კარგად იქნება.
_ მომისმინე, იქ... ის კოსტუმიანი, მე...
_ გაჩუმდი, ნუ ლაპარაკობ. გამოკეთდები დ აიმ კაცს მე თვითონ მოგიყვან, გესმის? უყვარხარ, ვიცი. ეხლა გაჩუმდი. ექიმი მოდის.
_ არა, ვერ გაიგე, ის კოსტუმიანი... მე არ მიყვარს...
_ რა მნიშვნელობა აქვს, ვინც უნდა იყოს შენ ოღონდ მითხარი და... ოღონდ ეხლა გამოკეთდი, გთხოვ, გესმის?!
_ იცი, იქ, შენ რმ თქვი ყველა ქერა იყოო...
_ სად? როდის? ა, ჰო, გაჩუმდი, გეხვეწები, შენთვის არ შეიძლება ლაპარაკი.
_ ყველა ქერა არ იყო... ვაიმე... ვეღარ ვხედავ... ღმერთო... მეშინია...
_ ნუ, ნუ ინძრევი...
_ მე... მე არ ვარ ქერა... მეც ხო იქ ვიყავი...

ნ. ამაღლობელი   2002

Publié dans პროზა

Pour être informé des derniers articles, inscrivez vous :
Commenter cet article
S
მშვენიერია, გადასარევი!!!
Répondre